ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტის ცვლილებით მიიღწევა. სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ინფლაციის თარგეთირების პირობებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მიიღწევა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტის - მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) - ცვლილებით.
"გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთის ცვლილების შესახებ მაკროეკონომიკური გარემოს გაანალიზების, საფინანსო ბაზრებზე არსებული ვითარების განხილვის, ინფლაციის დინამიკის პროგნოზირების, ინფლაციაზე მოქმედი მაკროეკონომიკური რისკებისა და ინფლაციის მოლოდინების შეფასების შედეგად მიიღება. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება, პოლიტიკა გამკაცრდება და პირიქით, თუ ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ დონეს ჩამორჩება, მონეტარული პოლიტიკა შერბილდება. საყურადღებოა, რომ საქართველო 2020 წლის პანდემიას შედარებით მაღალი ინფლაციით შეხვდა, რაც ტურიზმის სექტორისთვის 2019 წლის რუსეთ-საქართველოს ავიამიმოსვლის შეზღუდვის შოკის შედეგს წარმოადგენდა, თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული პოლიტიკის შედეგად, 2020 წლის დასაწყისში ინფლაციას შემცირების ტენდენცია ჰქონდა", განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, პანდემიის შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვების შედეგად მიწოდების ჯაჭვების დროებითმა მოშლამ, პანდემიის თანმდევი გაზრდილი ხარჯების საბოლოო ფასში ასახვამ და ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებამ ინფლაციაზე წნეხი კვლავ გაზარდა.
"პანდემიის შედეგად, მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი პრაქტიკულად გაჩერდა, რის გამოც ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნები, საქართველოს ჩათვლით, განსაკუთრებით დაზარალდნენ“, - აცხადებს კობა გვენეტაძე.