საქართველოს ტურიზმის ასოციაციაში აცხადებენ, რომ არსებული რეგულაციები, რომელიც დღეს ტურიზმის სექტორზე ვრცელდება არის საერთაშორისო დონეზე აპრობირებული და კერძო სექტორისთვის მისაღები. ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე ამბობს, რომ რეგულაციების დანერგვის პროცესში ბიზნესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობა ქონდა.
"ყოველთვის იყო ამაზე საუბარი, რომ შემოღებული ყოფილიყო ისეთი სტატუსი, რომელიც დაეხმარებოდა სექტორს მარტივად მიეღოთ თავიანთ ობიექტებზე მომხმარებელი ისე, რომ პარალელურად დაცული ყოფილიყო რეგულაციები და მარტივი ყოფილიყო ნებისმიერი მხარისთვის კომუნიკაცია. შესაბამისად, შესაძლოა, ეს მასიურად გავრცელებული არ იყო, მაგრამ ჩვენ როგორც ასოციაციას ამის შესახებ ინფორმაცია გვქონდა.
შეთავაზებული ფორმატი გარკვეულწილად მისაღებია ბევრი სუბიქტისთვის რომელიც ოპერირებს ბაზარზე, მაგრამ გარკვეულწილად თვითონ აპლიკაციის ხარვეზმა გამოიწვია შემაფერხებელი ფაქტორები, თუმცა მისი გამოსწორების შემდეგ თავისთავად გამოსწორდა პროცესი. დასაშვებია, რომ პროცესი პროცედურულად უფრო გამარტივდეს. ეს ძირითადად ეხება საერთაშორისო ვიზიტორებს, რომლებიც მოისურვებენ ადგილობრივ კვების ობიექტებს ესტუმრონ.
ჩვენ როგორც ასოციაცია ინტენსიურ კომუნიკაციაში ვიყავით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. ნებისმიერი წინასარეკომენდაციო თუ რეგულაციის ნაწილი იყო გავლილი და ასოციაცია იყო ინფორმირებული. ხოლო შემდეგ ჩემს მიერ ხდებოდა ასოციაციის წევრების ინფორმირებულობა. ისინი დღეს კარგად არიან ინფორმირებულნი, რადგანაც ინფორმაციის მიწოდება ხდება დროულად", აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე.