მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე გამოყოფილია 2 მილიარდ 121 მილიონი ლარი, საიდანაც:
• მუნიციპალიტეტების დაფინანსებით სკოლამდელ განათლებაზე მიიმართება 380 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასების ზრდა 100 ლარით;
• ზოგადი განათლების დაფინანსება შეადგენს მილიარდ 390 მილიონ ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:
• საჯარო სკოლებში სტატუსის მქონე მასწავლებელთა დანამატის ზრდა 100 ლარით;
• საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების 10 პროცენტიანი ზრდა;
• სკოლის მანდატურების ხელფასების ზრდა 100 ლარით;
• სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და აღჭურვა - 190,8 მლნ ლარი, ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით ამ მიმართულებით გამოიყო დამატებით 30 მილიონი ლარი;
• პროფესიული განათლების დასაფინანსებლად გამოყოფილია 119 მილიონი ლარი, მათ შორის, პროფესიული კოლეჯების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 46 მილიონ ლარზე მეტი;
• უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება შეადგენს 232 მილიონ ლარს.