ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის თქმით, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულია ხარჯები, როგორც სოციალური ვალდებულებებისა და ჯანდაცვის პროგრამების, ისე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ეკონომიკის ხელშეწყობის დასაფინანსებლად.
როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებების დაფინანსებაზე მიიმართება 4 მილიარდ 553 მილიონი ლარი; ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება შეადგენს მილიარდ 871 მილიონ ლარს; განათლებისა და მეცნიერების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2 მილიარდ 121 მილიონი ლარი; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 358 მილიონი ლარი. ამავე მიმართულებით მუნიციპალიტეტები დახარჯავენ, დაახლოებით, 250 მილიონ ლარს; ეკონომიკის ხელშემწყობი პროგრამების დაფინანსებაზე გამოყოფილია 561 მილიონი ლარი; ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 5 მილიარდ 884 მილიონი ლარი; თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით გამოყოფილია 2 მილიარდ 99 მილიონი ლარი; გარემოსდაცვითი პროგრამების დასაფინანსებლად - 68 მილიონი ლარი; სასამართლოებისა და პროკურატურის დაფინანსება შეადგენს 173 მილიონ ლარს.