10 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სტამბოლის რიგით მეხუთე ეკონომიკურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მონაწილეებმა მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი დაფინანსების მნიშვნელობასა და მისი განვითარების გზებზე იმსჯელეს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა პანდემიის შედეგად გამოწვეულ პროცესებზე ეკონომიკაში, გლობალურად მაღალინფლაციურ გარემოზე, საბანკო სექტორის გამოწვევებზე, ცენტრალური ბანკების როლზე მაკროეკონომიკურ სტაბილურობის მიწევაში, ასევე, მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად ცენტრალური ბანკების პოლიტიკაზე გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების მიმართულებით. დისკუსიას მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტი სიბელ კულაკსიზი (Sibel Kulaksiz) უძღვებოდა.
"პანდემიის დროს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დიდი გამოწვევაა, რადგან ეს მსესხებლების გადახდისუნარიანობას კიდევ უფრო ამცირებს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს საბანკო სისტემა Covid-19-ის პანდემიას მომზადებული შეხვდა და კვლავ ინარჩუნებს მდგრადობას, რაც ბოლო წლებში სწორედ ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარებისა და ასევე დროებითი საზედამხედველო გეგმის შემუშავების შედეგია. რაც შეეხება კლიმატის ცვლილების საკითხებს, მსოფლიომ აღიარა, რომ კლიმატთან დაკავშირებული პრობლემები წარმოადგენს ფინანსური რისკების წყაროს, მათი შერბილება კი სრულად შეესაბამება ცენტრალური ბანკის ფინანსური სტაბილურობის მიზნებს. სწორედ ამ ფაქტის აღიარება გახდა მთავარი მამოძრავებელი ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შემუშავების მიმართულებით“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოსა და თურქეთის ურთიერთთანამშრომლობაზეც ისაუბრა. თავის გამოსვლაში, კობა გვენეტაძემ თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ თურქეთი ბუნებრივი დამაკავშირებელი ხიდია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებისთვის მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
სტამბოლის სამიტს ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი თანამდებობის პირები, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური პროფილის სამინისტროების ხელმძღვანელები, აკადემიური წრეების და კერძო სექტორის წარმომადგენლები.