სოფელ ფარცხანაყანევში, კომპანიამ „კოპიტნარის სასათბურე“ მეურნეობა 20,000 კვმ-ზე მოაწყო. სათბურის მოსაწყობად, 2,5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტი 1 მლნ ლარს აჭარბებს, ხოლო 39,000 ლარი გრანტია. სასათბურე მეურნეობაში, სეზონურად, 50 ადამიანია დასაქმებული. ამჟამად, სათბურში მწვანილის კრეფა მიმდინარეობს, პროდუქციის რელიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.
„სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი გულისხმობს, ერთი მხრივ, გრანტს, რომ მეწარმეებს ჰქონდეთ სტიმული, დაიწყონ წარმოება და, მეორე მხრივ, მათ თანამონაწილობას სესხის ნაწილში, სადაც სახელმწიფო პროცენტის სუბსიდირებას 4 წლის განმავლობაში ახდენს, რაც მეწარმეებს, საქმიანობის დაწყების პირველ წლებში, საფინანსო წნეხისგან ათავისუფლებს“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, რომელიც კოპიტნარის სასათბურე მეურნეობაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
დღეის მონაცემებით, სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამების ფარგლებში, სასათბურე მეურნეობის მოწყობის მიზნობრიობით თანადაფინანსება 6.8 მილიონ ლარს აღემატება. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სასათბურე მეურნეობების შექმნისა და განვითარების მიმართულებით გაიცა 106 მლნ ლარის ღირებულების 1300-ზე მეტი სესხი, სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსება 16 მლნ ლარზე მეტია.