ამ წუთებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს წარადგენს.
კობა გვენეტაძის თქმით ინფლაციისთვის მნიშვნელოვანია, ასევე, სავალუტო ბაზრის თემაც.
"აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წლების ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის ძირითადი ნაწილის დაფინანსება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მობილიზებული დამატებითი ფინანსური რესურსებით ხდება, რაც საერთაშორისო რეზერვების ზრდასაც გულისხმობს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მიერ გასულ წლებში რეზერვების დაგროვებაზე მიმართული ძალისხმევა. ყოველივე ეს ეროვნულ ბანკს, საჭიროების მიხედვით, სავალუტო ინტერვენციების განხორციელების და ამ გზით გაცვლით კურსსა და ინფლაციაზე ბიუჯეტის მაღალი დეფიციტიდან მომდინარე პოტენციური წნეხის ნაწილობრივ შერბილების საშუალებას აძლევს. 2020 წლის დასაწყისიდან, ეროვნულმა ბანკმა ბაზარს 1 მილიარდ 207 მილიონი აშშ დოლარი მიაწოდა (მათ შორის 2020 წელს - 916 მლნ და 2021 წლის იანვარ-ნოემბერში 352)", აცხადებს გვენეტაძე.