„მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ და თან საზღვარგარეთ", აცხადებს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.
მისი განმარტებით, სასამართლო სხდომაზე არდასწრებით „ქოცები“ მიხეილ სააკაშვილს უბრალოდ ნერვებს უშლიან.
„მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ და თან საზღვარგარეთ. მისი თანაგუნდელები შიმშილობის ნაცვლად, ამას უნდა ითხოვდნენ. ბოლოს და ბოლოს, ამას ცოტა ხნის წინ მისი ოჯახის წევრები ითხოვდნენ. კარგი იქნებოდა, ამას მისი თანაგუნდელები აყოლოდნენ. მისი, როგორც პატიმრის და ბრალდებულის უფლების შეზღუდვაა, რომ მას საშუალებას არ აძლევენ, საკუთარ სასამართლო სხდომას დაესწროს და მისი უფლებები დაიცვას. კონსტიტუციური უფლებაა სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ "მსჯავრდებულ სააკაშვილს ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის".
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულია პროცესი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის თაობაზე. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება.