ფოტო: Reuters
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი.
მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნები აწვდიან კიევს ინფორმაციას, რუსი სამხედროებისა და ტექნიკის აქტიური გადაადგილების თაობაზე.
"ვიმედოვნებ, მსოფლიო ამჯერად ნათლად დაინახავს, სინამდვილეში, ვის უნდა მშვიდობა და ვინ კრებს 100 ათასამდე ჯარისკაცს ჩვენს საზღვართან", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსეთი აცხადებს, რომ ჯარის განთავსება მისსავე ტერიტორიაზე, მისი შიდა საქმეა და უარყოფს რაიმე აგრესიულ ზრახვებს, ამასთან აშშ-ს ადანაშაულებს პროვოკაციულ ქმედებებში შავ ზღვაში, სადაც მიმდინარე კვირას ამერიკული სამხედრო ხომალდები შევიდნენ.
პირველად, ინფორმაცია უკრაინის საზღვართან რუსული ძალების გაზრდის შესახებ გაზეთმა Washington Post-მა გაავრცელა.
გამოცემის მიერ გამოკითხული სამხედრო ექსპერტები ამტკიცებენ, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთმა ჯარების გადაადგილება ჯერ კიდევ სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები "დასავლეთი-2021"-ის დასრულების შემდეგ, სამხედროები დისლოკაციის ადგილზე არ დაბრუნებულან და ისინი რუსეთ-უკრაინის საზღვართან გადაისროლეს. გასულ კვირას უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საზღვრის სიახლოვეს ამჟამად 90 ათასი რუსი ჯარისკაცი იმყოფება.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მოსკოვის განზრახვა უკრაინის საზღვართან ჯარების გააადგილებასთან დაკავშირებით, გაურკვეველი რჩება, თუმცა უკრაინის წინააღმდეგ ახალი აგრესიის დაწყება რუსეთისთვის სერიოზული შეცდომა იქნება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრის დროს, ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია კონგრესთან ერთად იმუშავებს იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო დახმარება, მათ შორის ლეტალური საშუალებებითაც.
ამ განცხადებებმა გაღიზიანება გამოიწვია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა აშშ-ს ურჩია იმუშაოს თავის შეცდომებზე, ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა კი განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმისთვის“ იარაღის მიწოდება გააღრმავებს დაძაბულობას უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.