საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, "ამნესტი ინტერნეიშენალის" შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები "აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა". ამის შესახებ ორგანიზაციის "ტვიტვერზე" გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (შიმშილობის მე-5 კვირას) ძალადობრივად გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. ვრცლდება ინფორმაცია, რომ მის მიმართ განხორციელდა მუქარა, ღირსების შელახვა, უგულვებელყვეს მისი პირადი ცხოვრებისა და ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის უფლება. ესაა არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიება", - ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის პატიმრობის პირველივე დღიდან, მე-40 დღეა შიმშილობს.
8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს თბილისში, გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.
როგორც მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ის მოტყუებით გამოიყვანეს რუსთავის ციხიდან და გლდანის ციხის ტერიტორიაზე მასზე სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადეს.
სახალხო დამცველის განცხადებით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც ექიმთა კონსილიუმმა გასცა. ამასთან, ომბუდსმენის თქმით, ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას.