არასამთავრობო ორგანიზაციები მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ეხმიანებიან.
მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის თაობაზე ხელისუფლების გადაწყვეტილებები პატიმრის ჯანმრთელობის ინტერესებით არ არის ნაკარნახევი.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაყვანისკე მოუწოდებენ.
"ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებები მიუთითებს, რომ სააკაშვილის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მათი ჩართულობითა და სურვილით, კონსილიუმისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების უგულებელყოფით არის მიღებული.
მიგვაჩნია, რომ მიმდინარე მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის თაობაზე მათი გადაწყვეტილებები მიმართული არ არის ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ და არც პატიმრის ჯანმრთელობის ინტერესებით არის ნაკარნახევი. არსებული პოლიტიკური ვითარების გათვლისწინებით, ხელისუფლების გაუმართლებელი ნაბიჯების შედეგად ქვეყანა შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდეს.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ვითარების დეესკალაციის მიმართულებით. მათ შორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანოს იმ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაცული იქნება მისი ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება", - ვკთხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს თბილისში, გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.
როგორც მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ის მოტყუებით გამოიყვანეს რუსთავის ციხიდან და გლდანის ციხის ტერიტორიაზე მასზე სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადეს.
სახალხო დამცველის განცხადებით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც ექიმთა კონსილიუმმა გასცა. ამასთან, ომბუდსმენის თქმით, ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას.