იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის თქმით, ყველა დაპირება, რაც მიხეილ სააკაშვილის უფლებების და ჯანმრთელობის დაცვისათვის იქნა გაცემული, შესრულებულია. რაც შეეხება სააკაშვილის პირადი ექიმისა და ადვოკატის განცხადებებს, რომ თითქოს იუსტიციის მინისტრი თანხმობას აცხადებდა მსჯავრდებულის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, სიცრუეა და ამის შესახებ საუბარი კონსილიუმისა და მულტიფუნქციური ჯგუფების შეხვედრებზე საერთოდ არ ყოფილა:
„კონსილიუმის წევრებთან გამართულ პირველ შეხვედრაზე ერთი სიტყვაც არ თქმულა, თუ რომელ საავადმყოფოში უნდა ყოფილიყო მსჯავრდებული გადაყვანილი... კონკრეტულ დაწესებულებებზე საუბარი არ ყოფილა, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით... ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც სიტყვას იტყვიან და მერე არ ასრულებენ. პირიქით, ჩვენ ყველა ჩვენი სიტყვა შევასრულეთ, რაც ვთქვით, მთელი ამ პროცესის დაწყებიდან“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
რატი ბრეგაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ვერავის მისცემს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უფლებას.
„როდესაც ვრცელდება მსგავსი ტყუილი, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ საზოგადოებას... ვერავის მივცემთ უფლებას, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში... ეს არის ხალხი, რომელმაც დადგა მოდელირებული ქრონიკა, რომელმაც ჩაახშო ციხის ბუნტი და ამას მოჰყვა მსხვერპლი“, – განაცხადა მინისტრმა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რა პირობებში იმყოფებოდნენ პატიმრები გლდანის ციხესა და ბათუმის პენიტენციურ დაწესებულებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში.
„ასე ექცეოდნენ ეს ადამიანები სხვებს, პატიმრებს, მათ ღირესებას და დღეს ისინი ჩვენ გველაპარაკებიან ადამიანის უფლებებზე, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. ამას სჭირდება ღირსეული პასუხი საზოგადოების მხრიდან და, დარწმუნებული ვარ, ისინი ამ პასუხს აუცილებლად მიიღებენ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ სააკაშვილის უფლებრივ და ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებული პროცესი იყო მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა, რათა ჩართულობის ხარისხი ამ პროცესში ძალიან მაღალი ყოფილიყო და საზოგადოებას თავად ჰქონოდა საშუალება, თვალი მიედევნებინა მოვლენების განვითარებისათვის.
ინფორმაციისთვის: გუშინ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი იყო მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ კი, აღნიშნა, თითქოს იუსტიციის სამინისტრო თანხმობას აცხადებდა სააკაშვილის ნებისმიერ კლინიკაში მკურნალობაზე.