ცნობილმა ამერიკულმა გამომცემლობა "ჰარპერ კოლინსმა" ნინო ხარატიშვილის ახალ რომანზე - "The Lack of Light" საავტორო უფლებები წიგნის გამოცემამდე შეიძინა - ინფორმაციას გამომცემლობა "ინტელექტი" ავრცელებს
"მსგავსი რამ ქართულ ლიტერატურას არ ახსოვს! ეს არა მხოლოდ ნინოსთვის მისალოცო ამბავია, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ქართული ლიტერატურისთვის!" - წერს Facebook-ზე "ინტელექტის" საერთაშორისო ურთიერთობის მენეჯერი, გვანცა ჯობავა.
მისივე ინფორმაციით, რომანზე საავტორო უფლება აშშ-ის გარდა, ჯამში უკვე 9 ქვეყანამ შეიძინა. წიგნი 2022 წლის გაზაფხულზე გამოიცემა.
გამომცემლობა "ინტელექტი" წიგნის გამოცემამდე თარგმანზე მუშაობას იწყებს. წიგნის მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე იქნება.
ნინო ხარატიშვილი 1983 წელს დაიბადა თბილისში. სწავლობდა კინორეჟისურას, შემდეგ კი თეატრალურ რეჟისურას ჰამბურგში.
მისი პირველი წიგნი Der Cousin und Bekina 2002 წელს გამოიცა. ამ დროისათვის არის გეტინგენის თეატრის მუდმივი ავტორი. 2018 წელს მიენიჭა ბერტოლდ ბრეხტის პრესტიჟული გერმანული ლიტერატურული პრემია რომანისთვის "მერვე სიცოცხლე (ბრილკას)".