მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს.
მეუფე მელქისედეკმა "მთავარ არხთან" საუბრისას განაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეიქმნა.
"მე პეტიციას მოვაწერე ხელი პრეზიდენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის ჩემი პოზიცია", - ამბობს ეპისკოპოსი.
შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.
"არ აქვს მნიშვნელობა მოგწონთ თუ არა მიხეილ სააკაშვილი. აქ მთავარია კითხვა, რომელზე პასუხი ყველას გვაქვს და ეს კითხვა ასეთია: გვაქვს თუ არა საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, არის თუ არა რიგითი მოსამართლე თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან და შეგვიძლია თუ არა ვანდოთ ივანიშვილის სახელისუფლებო გუნდს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასამართლება. #თავისუფლებამიშას", - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. პატიმრობის პირველივე დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.