ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ 3 პირს, ბინის მეპატრონე ზაურ ბუდატოვs და მის მიერ დაქირავებული ორ მუშას, მამა-შვილი ხუსეინ და გიორგი სურმანიძეებს პატიმრობა შეეფარდათ.
გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მიიღო.
დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე კორპუსში მყოფი 9 პირის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის გარდაცვალება და უძრავი და მოძრავი ქონების განადგურება.
შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს, ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი მთლიანად ჩამოინგრა. უბედურ შემთხვევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია. ერთი გადარჩენილი იმყოფება კლინიკაში, 36 წლამდე კაცი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.