სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგეტიკულ საწარმოებსა და პირდაპირ მომხმარებლებს ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე და საქართველო ენერგეტიკულ ბირჟაზე სიმულაციურ ვაჭრობაში მონაწილეობა დაევალათ.
ამასთანავე, განესაზღვრათ ვადები და პირობები დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად რეგისტრაციისა და სიმულაციური ვაჭრობის პროცესში ჩართულობისათვის.
„ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ სემეკის 2020 წლის 12 ნოემბრის N58 დადგენილებაში შესული ცვლილების შესაბამისად, ელექტროენერგეტიკული საწარმოები და პირდაპირი მომხმარებლები ვალდებული არიან არაუგვიანეს 2021 წლის 15 ოქტომბრისა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორს მიმართონ დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად რეგისტრაციის მიზნით, ხოლო ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორი ვალდებულია არაუგვიანეს 2021 წლის 29 ოქტომბრისა, საკვალიფიკაციო ტესტირების გარეშე, უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკული საწარმოების კვალიფიკაცია საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებით გათვალისწინებული ტესტირების გარეშე.
თავის მხრივ, ენერგეტიკული ბირჟა უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული საწარმოებისა და პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოთხოვნილი დღით ადრე ბაზარზე რეგისტრაციისა და პორტფელების განსაზღვრის დასრულებას არაუგვიანეს 2021 წლის 30 ოქტომბრისა.