კიევი მოითხოვს მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის კონსულის შეხვედრის უზრუნველყოფას, რათა მას საკონსულო და სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს. ინფორმაციას გამოცემა "ევროპეისკაია პრავდა" უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივან ოლეგ ნიკოლენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნიკოლენკოს განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დროებით რწმუნებულ სანდრო თოფურიას ესაუბრნენ.
გავრცელებული ცნობით, სანდრო თოფურიამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაწოდა ინფორმაცია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების გარემოებების და მისთვის წაყენებული სისხლის სამართლის მუხლების შესახებ.
"უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებების სრული დაცვის აუცილებლობას და მოითხოვა უკრაინის კონსულის ვიზიტი საკონსულო და სამართლებრივი დახმარების გაწევის მიზნით", - განაცხადა ნიკოლენკომ.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართველ დიპლომატს დაუდასტურა უკრაინის პრინციპული პოზიცია საქართველოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის შესახებ.
ცოტა ხნით ადრე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას საჭირო მხარდაჭერას აღმოუჩენენ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილის დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ის რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.