უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ კიევი მიხეილ სააკაშვილს სათანადო მხარდაჭერას გაუწევს, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
კულებას თქმით, კიევი უკრაინის ყველა მოქალაქეს იცავს.
"სააკაშვილი ჩვენი მოქალაქეა. ჩვენ მას გავუწევთ შესაბამის მხარდაჭერას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოვიხმეთ საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი. ყველაფერს მასთან განვიხილავთ. ჩვენ ვიცავთ უკრაინის თითოეულ მოქალაქეს, როდესაც მას უჭირს", - განაცხადა კულებამ ტელეკომპანია "დომ"-თან ინტერვიუში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილის დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რამდენიმე საათის წინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ის რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.