პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ძლიერ პოლიტიკოსებს შეუძლიათ. ამის შესახებ ცისკარიშვილმა სალომე ზურაბიშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლის კომენტირებისას "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა.
"პატივისცემის ღირსია, როგორც მთლიანად ქალბატონი სალომეს მოღვაწეობა, ისე პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მისი გადაწყვეტილება, რადგან ეს მხოლოდ ძლიერთა ხვედრია - მხოლოდ პროფესიონალებს შეუძლიათ დატოვონ პოლიტიკური ასპარეზი ყოველგვარი პიროვნული და ზნეობრივი ზარალის გარეშე. როგორც წესი, უჭირთ პოლიტიკიდან წასვლა", - განუცხადა ცისკარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
პოლიტოლოგის აზრით, ზურაბიშვილი და მისი მოქალაქეობრივი ღირსებები დააკლდება ქართულ საზოგადოებრიობას, როგორც თავის დროზე მისი პროფესიონალიზმი ქართულ დიპლომატიას.
"ქალბატონი სალომეს პროფესიონალიზმი დააკლდა ქართულ დიპლომატიას, ახლა კი მისი მოქალაქეობრივი ღირსებები დააკლდება ქართულ საზოგადოებრიობას, მაგრამ პოლიტიკიდან წასვლის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ის რჩება საქართველოს სახელმწიფოსთვის ღირსეულ მოქალაქედ, რომლის ბედიც სულერთი არ იქნება", - დასძინა ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილმა დღეს ქართული პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა.