საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე სარევიზიო კომისიის ძირითადი მიმართულებები, პრიორიტეტები, სარევიზიო კომისიის საქმიანობისათვის სამი ძირითადი კომპონენტი განისაზღვრა: 1) აღმასრულებელი საბჭოს და თავმჯდომარის ფუნქციონირების და მოქმედებების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და ასოციაციის საწესდებო მიზნებთან; 2) ასოციაციის საფინანსო-სამეურნეო და ადმინისტრაციული მდგომარეობისა და საქმიანობის კონტროლი; 3) სარევიზიო კომისიის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მიწოდება ასოციაციის საერთო კრებისათვის.
სხდომაზე დეტალურად განიხილეს თითოეული კომპონენტის სარევიზიო საქმიანობის შინაარსი, დაიგეგმა ადვოკატთა საერთო კრებისათვის ანგარიშის წარდგენის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები: სავალდებულო ყოველწლიური აუდიტის საკონკურსო წესით მოწვევის მიზნით დავალების პირობების განსაზღვრა, ამასთან აუდიტის შემოწმებამ უნდა მოიცვას 2008 წლის დარჩენილი პერიოდი, 2009 წელი სრულად და 2010 წლის მიმდინარე პერიოდი; საანგარიშო პერიოდისათვის სარევიზიო კომისიის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება.
სარევიზიო კომისია შედგება ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ 4 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, არჩეული 5 წევრისგან. რომელიც იკრიბება სამთვეში ერთხელ.
სარევიზიო კომისია, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს და მიიღოს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსგან, თავმჯდომარისგან, ბუღალტრისგან ან აუდიტორისგან ნებისმიერი ფინანსური ან სხვაგვარი ინფორმაცია, რომლის შესწავლასაც იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს.