გალის რაიონში საბაჟო სამსახურის თანამშრომელსა და მის თანმხლებზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
გალის რაიონის ე. წ. შს სამინისტროს რაიონული სამმართველოს ინფორმაციით, საბაჟო სამსახურის თანამშრომელს, ჯუმბერ გამისონიას, თავისი ნათლულის მამა, გვარად ბერაია, სოფელ თაგილონში ავტომობილით მიჰყავდა.
"როდესაც ბერაიების სახლთან ავტომობილი გაჩერდა, მეზობელი მიტოვებული სახლიდან სამი ნიღბიანი ადამიანი გამოვიდა, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი. ნიღბიანებმა ბერაიაზე თავდასხმა სცადეს. შედეგად, გაიხსნა ცეცხლი, რასაც ბერაიას დაჭრა მოჰყვა. საბაჟო სამსახურის თანამშრომელმა საპასუხო ცეცხლის გახსნით ნიღბიანების განდევნა შეძლო", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მათი ინფორმაციით, დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ფაქტზე აღძრულის სისხლის სამართლის საქმე.