პატიმრები ვიდეოპაემნებით ისარგებლებენ. როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრმა ანდრო ალავიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამის კანონში შესატანი ცვლილებათა პაკეტი უკვე შემუშავებულია.
"მათ, ვისაც სურვილი ექნება მსჯავრდებულთან ვიდეოპაემანი განახორციელოს, სასჯელაღსრულების ბიუროს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ. მას სამინისტროში განიხილავენ და პატიმრის თანხმობის შემთხვევაში ვიდეოპაემანი შედგება", - განმარტა ანდრო ალავიძემ.
მისივე თქმით, პატიმრებს და მათ ახლობლებს ვიდეოპაემნებით სარგებლობა თვეში მაქსიმუმ 8-ჯერ შეეძლებათ და ის 15 წუთიანი იქნება.
"ვიდეოპაემნებით სარგებლობის უფლება არ მიეცემათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულებს, რომლებსაც 10-და მეტწლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი", - დასძინა დეპუტატმა.
კანონპროექტს დღეს საპროცედურო კომიტეტი განიხილავს.
ცვლილება ძალაში 2011 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.