"თავისუფლების ინსტიტუტის" წევრი თეა თუთბერიძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, დიმიტრი შაშკინს, ტყუილის თქმაში ადანაშაულებს. "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში თუთბერიძე აღნიშნავს, რომ შაშკინის განცხადება, თითქოს თბილისის 8 საშუალო სკოლის დირექტორმა თანამდებობა თავიანთი სურვილის საფუძველზე დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება.
თუთბერიძის მტკიცებით, სკოლის დირექტორებს თანამდებობის დატოვება განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში აიძულეს.
"ამის მიზეზი იყო, ის რომ აღნიშნული სკოლის მოსწავლეები გუშინ პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე იმყოფებოდნენ. დირექტორებს ირაკლი ანდრიაძის კაბინეტში წინ დაუდეს განცხადებები თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით და ხელის მოწერა აიძულეს. როდესაც შაშკინი აცხადებს, რომ დირექტორებმა თანამდებობები საკუთარი სურვილით დატივეს, იგი იტყუება. შაშკინი მატყუარაა. როგორ შეიძლება 8 ადამიანს ერთდროულად, 19:30 საათზე, მოუნდეს თანამდებობის დატოვება? ეს უბრალოდ არალოგიკურია", - "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს თუთბერიძე და დასძენს, რომ 8 სკოლიდან ორის (149-ე და მე-2) დირექტორი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის 8 საშუალო სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა. თანამდებობიდან გათავისუფლებულები არიან 173-ე სკოლის დირექტორი მზია გიორგობიანი, 161-ე სკოლის დირექტორი მიშა მინდაძე, 151-ე სკოლის დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი, 117-ე სკოლის დირექტორი დალილა ზუხბაია, 58-ე სკოლის დირექტორი დავით ფაღავა, მე-2 სკოლის დირექტორი ლია სოღოლაშვილი და 149-ე სკოლის დირექტორი მაია გიორგაძე.
ასევე "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს 124-ე საჯარო სკოლის დირექტორი ელენე შაბურიშვილი.
განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა 23-ე სკოლაში სტუმრობისას დაადასტურა, რომ თბილისის 8 საშუალო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
შაშკინის მტკიცებით, დირექტორებმა აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მიიღეს და თანამდებობებიც საკუთარი სურვილის საფუძველზე დატოვეს.