ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ძალოვანი უწყების თანაშრომლები რუსეთის მიერ რეგიონის ე.წ სახელმწიფოებრიობის აღიარებასთან დაკავშირებული დღისთვის მუშაობის საგანებო რეჟიმზე გადაიყვანეს. მათ "საზეიმო ღონისძიებებზე" მოქალაქეების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ.
ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა შეზღუდული იქნება. დილის 08:00 საათიდან ე.წ საგზაო უსაფრთხოების სახელმწიფო ინსპექციის და ცხინვალის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლები რამდენიმე ლოკაციას გადაკეტავენ.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკები 26 აგვისტოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად უკანონოდ ცნო. საერთაშორისო საზოგადეობა კი ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და რუსეთს მუდმივად ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს.
ირონიულია, რომ ოკუპირებულ ცხინვალში "სახელმწიფოებრიობის აღიარების" დღეს აღნიშნავენ, როდესაც რუსეთის ფედერაცია რეგიონში არაოფიციალური ანექსიის პოლიტიკას აქტიურად ახორციელებს. მოსკოვი ცხინვალში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებს სრულად, "ინსტიტუციურ" დონეზე აკონტროლებს. მნიშვნელოვანია, რომ კრემლი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის სიცოცხლის უფლების დაცვას ვერ უზრუნველყოფს. მოსკოვი საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ უშვებს, რადგან საქართველოს ორივე მიტაცებულ რეგიონში კატასრტოფული ჰუმანიტარული მდგომარეობაა და კრიმინალი მძვინვარებს.
2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს საოკუპაციო ხაზის გასწვივ ორივე რეგიონში სამხედრო ბაზები აქვს უკანონოდ განთავსებული. ეს შემთხვევითი არ არის, რუსეთი ოკუპირებული რეგიონების მარიონეტ რეჟიმებს არ ენდობა და თავად სურს საოკუპაციო ხაზის გაკონტროლება. სწორედ რუსი "ეფესბეს" ე.წ. მესაზღვრეები წევენ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზს და უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესსაც ძირითადად ისინი ახორციელებენ. სახლებიდან ყრიან ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს და ეზოში მავთულხლართებს უვლებენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო კი, ადგილზე ძირითადად ინფორმაციის შეგროვებითა და დაზვერვით არის დაკავებული. რუსი აგენტები აკვირდებიან ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებს და მათი გონების მართვას ცდილობენ. კრემლში მყისიერად იგზავნება ინფორმაცია ნებისმიერი მცირედი ანტირუსული განწყობის შესახებაც კი.
სამხედრო და ნახევრად სამხედრო ბაზებისა და პერსონალის საშუალებით რუსეთი ტოტალურ კონტროლს ახორციელებს საქართველოს ორივე რეგიონში. რუსი სამხედროები ოსებთან და აფხაზებთან ერთად მუდმივად ატარებენ წვრთნებს, რაც დამატებით უსაფრთხოების რისკებს ქმნის.
გავიხსენოთ, რომ 2017 წლის 9 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონო "რეფერენდუმი" გაიმართა და ცხინვალის რეგიონს სახელი შეუცვალეს. რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალი ჩრდილოეთ ოსეთი - ალანიას მსგავსად, ცხინვალს "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა - სახელმწიფო ალანია" დაარქვეს. მიზანი მარტივია - კრემლს ოკუპირებული ცხინვალის ჩრდილოეთ ოსეთთან, შესაბამისად რუსეთთან შეერთება სურს. ამიტომაც, სულ ტყუილად აწყობენ "დღესასწაულს" ოკუპირებულ ცხინვალში, არანაირი "სახელმწიფოებრიობა" მათ არ გააჩნიათ და მითუმეტეს რაიმეს აღნიშვნის მიზეზი არ აქვთ.
ანდრო სიგუა