სახალხო დამცველის აპარატმა ""ეროვნული ფორუმის" წევრ ზაზა ჩაკვეტაძის დაკავების ფაქტზე განცხადება გაავრცელა.
განაცხადების მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა 2010 წლის 21 ოქტომბერს, შპს „ელსავაკოს" (ე.წ. ლილოს ბაზრობის) ტერიტორიაზე მიმდინარე მოვაჭრეთა აქციაზე მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს პოლიტიკური გაერთიანების „ეროვნული ფორუმის" წევრი კახა ჩაკვეტაძე.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ინციდენტის დროს ლილოს ბაზრობას იცავდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები და შპს *ელსავაკოს~ (ლილოს ბაზრობის) კერძო დაცვის თანამშრომლები. ამასთან, არსებული ვიდეოჩანაწერებიდან დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე ინციდენტში მონაწილე პირებს ეცვათ სამოქალაქო ტანსაცმელი, რაც არღვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით მიმართა შს მინისტრს და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება.
3 ნოემბერს, სახალხო დამცველმა წერილით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს და მოითხოვა შესაბამისი რეაგირება ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვაჭრეთა აქციაზე მომხდარი ინციდენტის დროს ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.
რაც შეეხება პოლიტიკური გაერთიანების „ეროვნული ფორუმის" წევრის კახა ჩაკვეტაძის დაკავებას, სახალხო დამცველმა შეისწავლა „ეროვნული ფორუმის" მიერ წარმოდგენილი მასალები.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ კახა ჩაკვეტაძე 21 ოქტომბერს, ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
"2010 წლის 23 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ჩაკვეტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 60 დღის ვადით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულ კახა ჩაკვეტაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაში მითითებულია, რომ „აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევის საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ... ბრალდებულის ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, რისთვისაც სასჯელის სახით ალტერნატიულ სასჯელებთან ერთად გათვალისწინებულია ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. ხსენებულიდან გამომდინარე, დასაბუთებულია ვარაუდი, რომ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, ბრალდებული მოსალოდნელი რეალური სასჯელის შიშით შესაძლოა მიიმალოს, არ გამოცხადდეს გამომძიებელთან, სასამართლო პროცესზე, ხელი შეუშალოს საქმეზე მტკიცებულებათა შეგროვებას, ჩაიდინოს ახალი დანაშაული. ამასთან არსებობს საფრთხე, რომ ბრალდებულმა ზეგავლენა მოახდინოს იმ პირებზე, რომლებიც ამხელენ მას დანაშაულის ჩადენაში", რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნევს, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდოს პატიმრობა", -აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ 23 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების დასაბუთებისას, მოსამართლე მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ზოგადად აღკვეთის ღონისძიების და პატიმრობის გამოყენების საფუძვლების ჩამონათვალით შემოიფარგლა, თუმცა არ დაასაბუთა, თუ კონკრეტულად რომელი გარემოებები განსაზღვრავენ „დასაბუთებულ ვარაუდს", რომ ბრალდებული არ გამოცხადდება გამომძიებელთან, სასამართლო პროცესზე, ხელს შეუშლის საქმეზე მტკიცებულებათა შეგროვებას, ჩაიდენს ახალ დანაშაულს და ზეგავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც ამხელენ მას დანაშაულის ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში მოსამართლეს არ უმსჯელია კონკრეტულად რა გარემოებების გამო უნდა ყოფილიყო შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. მათI განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის არსებობა არ შეიძლება უპირობოდ გახდეს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის საფუძველი.
"ამ შემთხვევის ანალიზიც ცხადყოფს, რომ საქართველოში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების არასაკმარისად დასაბუთებულობის საკითხი კვლავაც აქტუალურ პრობლემად რჩება და ხშირ შემთხვევებში წარმოადგენს სასამართლოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით და ეროვნული კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების დარღვევის მიზეზს", - განმარტულია განცხადებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ეროვნულ სასამართლოებს, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყოს საკმარისად დასაბუთებული, რათა დაცული იყოს ადამიანის უმნიშვნელოვანესი უფლება - თავისუფლების უფლება.