ექსტრემისტული მოძრაობა "თალიბანი" ავღანეთის სამართავად 12-წევრიანი საბჭოს შექმნას გეგმავს. იტყობინება გამოცემა Foreign Policy-ი თალიბანის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების განცხადებით, საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება მოიწვიონ ავღანეთის დამხობილი მთავრობის რამდენიმე წევრი, რათა შეიქმნას ახალი ადმინისტრაცია, რომელიც "მისაღები იქნება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის".
საბჭოს შემადგენლობაში შევა "თალიბანის" სამი ყველაზე გავლენიანი ლიდერი - მოძრაობის პოლიტიკური ფრთის მეთაური, მოლა აბდულ ღანი ბარადარი, "თალიბანის" დამფუძნებლის, მოლა მუჰამედ ომარის ვაჟი, მოჰამედ იაყუბი და ტერორისტული დაჯგუფება "ჰაყანის ქსელის" წევრი ხალილ ალ-რაჰმან ჰაყანი.
გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოს წევრობა უნდა შეეთავაზებინათ აჰმად მასუდისთვის, რომელიც ამბოხებულ ავღანელებთან ერთად ფანჯშირის ხეობაშია გამაგრებული და თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლის პირობას დებს. თუმცა, გამოცემა ვარაუდობს, რომ მასუდის საბჭოს შემადგენლობაში შესვლა ნაკლებად სავარაუდოა.
"თალიბანი მოწადინებულია, ავღანეთის ახალი მმართველობა გამოიყურებოდეს, რაც შეიძლება ინკლუზიურად", - ამბობენ წყაროები.
ახალი მმართველობითი ორგანოს ფორმირების შესახებ არაფორმალური მოლაპარაკებები უკვე დაიწყო "თალიბანსა" და საკოორდინაციო საბჭოს შორის, რომელსაც სათავეში ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი და ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აბდულა აბდულა უდგანან.
2021 წლის 15 აგვისტოს თალიბანმა ქაბული აიღო. მათ განაცხადეს, რომ "გაათავისუფლეს ავღანეთი" და „ომი დასრულდა“. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა.