საქართველოს პარაოლიმპიური ნაკრები, რომელიც იაპონიის დედაქალაქში იმყოფება, სკანდალში გაეხვა.
იაპონური მედიის ცნობით, საქართველოს პარაოლიმპიური ნაკრების წევრი ტოკიოს ერთ-ერთი სასტუმროს დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა.
იუწყებიან, რომ ტოკიოს პოლიციაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ნაკრების ერთ-ერთ წევრს, რომელიც თავს დაესხა იაპონიის მოქალაქეს, კორონავირუსი დაუდასტურდა და კარანტინს გადიოდა სასტუმროში.
პოლიციისა და სასტუმროს განცხადებით, პარაოლიმპიელი, რომელიც ძიუდოისტია და მისი რამდენიმე თანაგუნდელი, 12 აგვისტოს დილით ხმაურობდნენ სასტუმროს დერეფანში.
სასტუმროს დაცვის 60 წლის თანამშრომელმა ხმაურის გამო შენიშვნა მისცა და მოუწოდა დაბრუნებულიყვნენ თავიანთ ოთახებში. ქართველმა ძიუდოისტმა კი 60 წლის დაცვის თანამშრომელი იატაკზე დააგდო და ნეკნი გაუტეხა.
როგორც პოლიცია იტყობინება, ძიუდოისტმა გამოკითხვის დროს აღიარა, რომ ის და მისი თანაგუნდელები ალკოჰოლს იღებდნენ.
პარაოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის სპიკერმა თქვა, რომ ძიუდოისტი მოიხსნება შეჯიბრიდან.
პარაოლიმპიური თამაშების დაწყება 24 აგვისტოს იგეგმება.