საქართველოს საავიაციო სექტორი პანდემიამდე არსებულ ნიშნულს სწრაფი ტემპებით უბრუნდება. 2021 წლის ივლისში საქართველოს საჰაერო სივრცეში 10,591 ფრენა შესრულდა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 80%, ხოლო 2020 წლის ივლისთან შედარებით 183% - ით მეტია.
ივლისში საქართველოს საჰაერო სივრცეში 6,457 ტრანზიტული ფრენა განხორციელდა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის დაახლოებით 77% და 2020 წლის მაჩვენებელზე 114%-ით მეტია.
რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებში განხორციელებულ ფრენებს, მიმდინარე წლის ივლისში 4,134 ფრენა განხორციელდა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 84%-ია, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდზე 469%-ით მეტი.
ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან ერთად, მთავრობის გადაწყვეტილებით, განახლდა მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან, ახალი მიმართულებების დამატებისა და სიხშირეების ზრდასთან დაკავშრებით. სახელმწიფოს მხარდაჭერის შესაბამისად, საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკა მზარდი და იმედის მომცემია.