ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია ე.წ. უშიშროების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტყვარჩელის რაიონის სოფელ გალხუჩში, ამავე სოფელში მცხოვრები, 1962 წელს დაბადებული ვახტანგ სონღულია დააკავეს.
დე ფაქტო უწყების განცხადებით, სონღულიას სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 7,62 მმ კალიბრის 23 ვაზნა და ხელყუმბარა.
"უნდა აღინიშნოს, რომ სონღულია 1992-93 წლებში აფხაზი ხალხის სამამულო ომის დროს, როგორც გალის პოლიციის თანამშრომელი, დახმარებას უწევდა საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარებს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ვახტანგ სონღულია 6 აგვისტოს დააკავეს და გალის იზოლატორში გადაიყვანეს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის ტყვარჩელის პროკურატურას გადაეცა.