არც ერთი ჭკუათმყოფელი ინვესტორი საქართველოში არ შემოვა - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა თემურ მურღულიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში შემოსული ინვესტორების უმეტესობა სპეკულანტები არიან.
"სპეკულანტი ინვესტორები, რომლებიც საქართველოში შემოდიან, იაფად ყიდულობენ ფართებს და შემდეგ ძვირად ყიდიან. ხელისუფლებას ეს ხელს აძლევს, რადგან ამ პროცესში მათაც გარკვეული წილი აქვთ. ხელისუფლება მანიპულირებს "დუინგ ბიზნესის" ინდიკატორის მაჩვენებლით, სადაც მეთორმეტე მაჩვენებელი გვაქვს. არადა, ბიზნესის წარმოების საკითხში გაცილებით უარესი მდგომარეობაა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევაში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ძალიან უყვარს და მათ ყრილობებზე მაღალჩინოსნები დავოსში ხშირად ჩადიან ხოლმე, კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლების მიხედვით 139 ქვეყანას შორის მხოლოდ 93-ე ადგილი გვიკავია. საკუთრების უფლების დაცვით 104-ე მაჩვენებლი გვაქვს. მაკროეკონომიკური მდგომარეობით კი 130-ე ადგილზე ვართ. ეს ყველაფერი ნათლად ასახავს, რომ საქართველო გაუბედურებული და ღარიბი ქვეყანაა", - განაცხადა მურღულიამ.
მან ისაუბრა საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანის პროექტზედაც.
"მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას ასეთი ამბიციური გეგმა არ აქვს. 4 000 ელექტრომიბილის პროგრამა არის საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალის ახვევა, რომ ხელისუფლება საქართველოს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნავს. თუ ხელისუფლებას ეკოლოგიური მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს, პირველ რიგში ტყეების გაჩეხა უნდა შეაჩეროს", - განმარტავს მურღულია.