საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "მტკიცე სული 2021"-ის დახურვის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი.
ოფიციალურმა პირებმა სამხედრო სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს.
მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას "მტკიცე სული 2021" (Agile Spirit 2021), წელს საქართველომ უკვე მეათედ უმასპინძლა.
სამხედრო სწავლება ოფიციალურად 26 ივლისს გაიხსნა და 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდა. საერთაშორისო წვრთნები საქართველოში ხუთ ლოკაციაზე იყო გაშლილი - სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორია, სორტა/ეკის საწვრთნელი ბანაკი, ორფოლოს პოლიგონი, ვაზიანის პოლიგონი და ვაზიანის სამხედრო აეროდრომი.
მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის შეიარაღებული ძალების 2500-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა.
სწავლებაში საქართველოს და აშშ-ის თავდაცვის ძალების სამხედროების გარდა მონაწილეობა მიიღეს დიდი ბრიტანეთის, კანადის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, რუმინეთის, უკრაინის, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო მრავალეროვნულ სწავლებაში "მტკიცე სული", პირველად მიიღო მონაწილეობა ქართული წარმოების ჯავშანტექნიკამ - "დიდგორი მეომარი" და "დიდგორი მედევაკი".
Agile Spirit-ის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდა კომბინირებული საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და რუმინეთის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით.
Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება, რომელსაც დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს.
წვრთნები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას, ასევე მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად.