მალაიზიაში, ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებული დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.
როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, საქმის მოსმენა დღეს დაიწყო, თუმცა სასამართლო სხდომა "დეტალების დაზუსტების მიზეზით" მალევე დასრულდა.
"ჩვენი ინფორმაციით, მალაიზიაში დღეს დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, თუმცა მასზე რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება არ მომხდარა. დეტალების დაზუსტების მიზნით სასამართლო სხდომა რამდენიმე დღით გადაიდო", - განმარტა ნინო კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადგილობრივი ადვოკატი კოხტაშვილსაც დაენიშნოს.
"მალაიზიელი ადვოკატი, რომელიც ერთ-ერთი ქართველის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს, დაგვპირდა, რომ კიდევ ერთ მალაიზიელ ადვოკატს დაგვაკავშირებს, რომელიც უკვე მეორე ქართველის უფლებებს დაიცავს. სამწუხაროდ, იქაურ სასამართლო პროცესებზე სხვა ეროვნების ადვოკატების, მათ შორის საერთაშორისო სტატუსის მქონე ადვოკატების დაშვება არ ხდება", - დასძინა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ დარეჯან კოხტაშვილი, ბაბუცა გორდაძესთან ერთად, მალაიზიაში საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და ნარკოტიკების უკანონოდ გადაზიდვის ბრალდებით არიან დაკავებული.
გორდაძის სასამართლო პროცესი უკვე შედგა და მას ნარკოტრეფიკის ბრალდება უკვე წაუყენეს. საქმის მორიგი მოსმენა 5 დეკემბერს არის ჩანიშნული.