დღეს, 8 ნოემბერს, მალაიზიაში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული ორი ქართველი ქალბატონიდან ერთ-ერთის _ დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე აღნიშნავს, რომ მალაიზიაში დაკავებული ერთ-ერთი ქალბატონის მეუღლის დაკითხვამ მდგომარეობა ოდნავ შეცვალა.
"დარეჯან კოხტაშვილთან ერთად დაკავებული ბაბუცა გორდაძის მეუღლის დაკითხვის შემდეგ შესაძლებლობა მოგვეცა, დამატებითი მასალები წარვადგინოთ სასამართლო პროცესზე. უკვე წარმატებით ვაწარმოეთ მოლაპარაკებები ადვოკატთან, რომელიც იქ მოვნახეთ. მას შესაძლებლობა მიეცა შემდეგ პროცესს დაესწროს", - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე.
შეგახსენებთ, დარეჯან კოხტაშვილი, ბაბუცა გორდაძესთან ერთად, მალაიზიაში საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და ნარკოტიკების უკანონოდ გადაზიდვის ბრალდებით არიან დაკავებული.
გორდაძის სასამართლო პროცესი უკვე შედგა და მას ნარკოტრეფიკის ბრალდება უკვე წაუყენეს.
სასამართლო პროცესზე საქართველოს მოქალაქეების უფლებებს საერთაშორისო ორგანიზაციის "ემნესტი ინტერნეიშენალ" იურისტები დაიცავენ.
ვინაიდან საქართველოს მალაიზიაში დიპლომატიური წარმომადგენლობა არ ჰყავს, მალაიზიის მთვარობასთან მოლაპარაკებებს უკრაინაში საქართველოს ელჩი გრიგოლ ქათამაძე, უკრაინაში მალაიზიის საელჩოს საშუალებით მართავს.
ქართულმა მხარემ შუამავლობა სთხოვა, აგრეთვე, თბილისში რამდენიმე დღის წინ ვიზიტით მყოფ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს მანუჩარ მოთაქის.
მალაიზიური კანონმდებლობის თანახმად, ნარკოტრეფიკინგისთვის სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული. ამ ბრალდებით, მიმდინარე წელს, მალაიზიაში 50-მდე პირი დასაჯეს.