სუეცის არხის ადმინისტრაციამ და კონტეინერმზიდ Ever Given-ის მფლობელმა კომპანიამ შეთანხმებას მიაღწიეს. 107 დღის შემდეგ, ხომალდი სუეცის არხს დატოვებს.
ხელშეკრულების ფარგლებში, Ever Given- ის მფლობელი კომპანია 540 მილიონ დოლარს გადაიხდის. ამ თანხიდან 240 მილიონი დოლარი გადაიხდება დაუყოვნებლივ, ხოლო დარჩენილი 300 მილიონი ეტაპობრივად მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.
სუეცის არხის ადმინისტრაციამ თავდაპირველად ზარალის ანაზღაურებისთვის კონტეინერმზიდის მფლობელ კომპანიას 916.5 მილიონი დოლარი მოსთხოვა, თუმცა მოგვიანებით ეს თანხა 540 მილიონ დოლარამდე შეამცირა.
დღეს, მხარეებს შორის შეთანხმების ხელმოწერის საზეიმო ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც გემი გზას განაგრძობს როტერდამის პორტისკენ.
მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ კონტეინერმზიდი Ever Given-ი, რომელიც ჩინეთიდან როტერდამის პორტისკენ მიეშურებოდა, სუეცის არხში მეჩეჩზე შეჯდა, "გაიჭედა" და მოძრაობა დაბლოკა. სავაჭრო ხომალდზე, რომელიც უდიდესია თავის კლასში (სიგრძე 400 მეტრი, სიგანე 59 მეტრი), 20 000-ზე მეტი კონტეინერი იყო განთავსებული.
ინცინდენტის შედეგად, სუეცის არხში ნავიგაცია დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დაბლოკილი იყო. არხის მისადგომებთან გასასვლელს 400-მდე ხომალდი ელოდა.
მსოფლიო გადამზიდავები იძულებულები გახდნენ შეეცვალათ თავიანთი მარშრუტები, განრიგი და ხომალდები კეთილი იმედის კონცხის გავლით გაეტარებინათ.
მეჩეჩიდან მოხსნის შემდეგ, კონტეინერმზიდი Ever Given-ი სუეცის არხში მდებარე ტბაში გადაიყვანეს, სადაც მთელი ამ დროის განმავლობაში იმყოფებოდა.
სუეცის არხი ხმელთაშუა ზღვას წითელ ზღვასთან აკავშირებს, რაც უზრუნველყოფს უმოკლეს საზღვაო კავშირს აზიასა და ევროპას შორის.