საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი 5 ივლისს, თბილისში განხორციელებულ ძალადობრივ ფაქტებს ეხმიანება.
წულუკიანის განცხადებით, მას საქართველოში არ ეგულება ადამიანი, რომელიც ძალადობას არ ემიჯნება.
"საქართველოში არ არსებობს ადამიანი, არამც თუ მინისტრი, არამედ ადამიანი – იქნება ეს ერისკაცი, თუ სასულიერო პირი, რომელიც არ ემიჯნება ძალადობას. ძალიან მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა იმ ადამიანს, ვინც დაზიანდა – არა მხოლოდ ჟურნალისტს, არამედ ნებისმიერ სხვა ადამიანს. აქვე, მინდა ვთქვა, რომ პოლიცია არა მხოლოდ გუშინ, აქციის დღემდეც იმ ფარგლებში მოქმედებდა, რაც მას შეეძლო. ძალიან ბევრი კომუნიკაცია იყო ყველასთან მათი მხრიდან", - განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან, კულტურის მინისტრმა მოუწოდა მოქალაქეებს, შეახსენონ თავიანთ თავს, რომ ყველაფერზე მაღლა დგას სამშობლო, რომელიც უამრავი გამოწვევის წინაშეა.
"ყველამ ჩვენ თავს შევახსენოთ, რომ ყველაფერზე მაღლა დგას სამშობლო, რომ ეს სამშობლო არის უამრავი გამოწვევის წინაშე, მათ შორის ოკუპაციის წინაშე და ყველამ ყველა ღონეს უნდა მივმართოთ იმისთვის, რომ ეს ძლივს შეკოწიწებული, ახლად შექმნილი ქართული სახელმწიფო, რომელიც ჩვენ აღვადგინეთ მრავალათეული წლის წყვეტის შემდეგ 90-იანი წლებში, იმას მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ როგორმე ერთმანეთის უფლებები ისე, რომ ამით არ დავაზიანოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და სამოქალაქო მშვიდობა ქვეყნის შიგნით; ის, რომ სამშობლო დგას ყველაზე მაღლა, ეს იყო ამ მიწაზე ყოველთვის ასე, ასე არის ახლაც და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.