2021 წლის 5 ივლისიდან ენგურის ე.წ. გადასასვლელი სრულად გაიხსნა, რაც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობას მისცემს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის ან ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლის შესაძლებლობას, – აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.
„უკვე წელიწადზე მეტია, რაც საოკუპაციო რეჟიმმა, თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონო შეზღუდვები დააწესა, რომელთა ეტაპობრივი მოხსნა 2021 წლის 11 თებერვლიდან მოხერხდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაწეული ძალისხმევის შედეგად. როგორც ცნობილია, აღნიშნული პირველ ეტაპზე ითვალისწინებდა გადაადგილების უფლებას მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის (ხანდაზმულები, პენსიონერები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები), დღეს კი, თავისუფალი მიმოსვლა სრულად არის აღდგენილი ნებისმიერი პირისთვის.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურ ძალისხმევას ახორციელებს ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით იმისთვის, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სრულად იქნას უზრუნველყოფილი თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება“, – აცხადებენ სამინისტროში.