კრწანისის ტყე-პარკში სამხრეთ კავკასიის ეკოსისტემების კვლევისა და აღდგენის ცენტრი შეიქმნება, აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელმაც დღეს „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვა წარადგინა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.
ლევან დავითაშვილის თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო აქტიურად მუშაობს კრწანისის ტყე-პარკის განვითარების გეგმაზე. გეგმის განხორციელების შედეგად, ტყე-პარკში სამხრეთ კავკასიის ეკოსისტემების კვლევისა და აღდგენის ცენტრი შეიქმნება.
ტყე-პარკში დაგეგმილია მტკვრის სახეობათა თევზსაშენის მშენებლობა, დამშრალი 7 ტბორის აღდგენა/დათევზიანება და 50-მდე საპიკნიკე ლოკაციის მოწყობა.
ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შემდეგ, პარკი თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას დაიბრუნებს. ტყე-პარკი რეკრეაციული სივრცეა თბილისსა და რუსთავს შორის. პარკში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით.