მალაიზიაში დაკავებული ბაბუცა გორდაძის მეუღლის ელდარ (გიორგი) დავითიანის დაკითხვა ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში წუხელ ღამის პირველ საათამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც ნარკოტრაფიკის საქმეში ერთ-ერთი შესაძლო მონაწილე გაანთავისუფლეს.
დავითიანმა დაკითხვის დასრულების შემდეგ მეუღლის არც ნათესავებთან და არც ჟურნალისტებთან გასაუბრება არ ისურვა. პოლიციის შენობა მან უკომენტაროდ დატოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ დავითიანმა წაიყვანა საქართველოს ორი მოქალაქე მალაიზიაში. დაკავებულების ოჯახებს ეჭვი აქვთ, რომ წარსულში ნასამართლებ დავითიანს მალაიზიაში გადატანილი ნარკოტიკების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და მან გორდაძე და კოხტაშვილი არ გააფრთხილა. გავრცელებული ინფორმაციით, დავითიანი სამართალდამცავებთან "მესამე მხარეზე" აპირებდა საუბარს, თუმცა ვინა არის ეს "მესამე მხარე" ამის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ არსებობს.
მალიზიის სასამსამართლოში ბაბუცა გორდაძის საქმეზე პირველი მოსმენა უკვე გაიმართა, ხოლო დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესი 8 ნოემბერსაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მალაიზიის კუნძულებზე, ბორნეუსა და პენანგზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც სურათის ჩარჩოების საშუალებით 11 კგ. ნარკოტიკი გადაჰქონდათ. თუ დაკავებულებს აღნიშნულ საქმესთან პირდაპირი კავშირი დაუდგინდათ, მალაიზიის კანონმდებლობის მიხედვით, მათ სიკვდილით დასჯა ელოდებათ.