საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი წლის განმავლობაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 58 პირი ჰყავს დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, ქართველმა ძალოვანებმა ჯაშუშობის ბრალდებით 2006 წლის 27 სექტემბერს 4 რუსი ოფიცერი დააკავეს, 2006 წლის 6 ოქტომბერს - 29 პირი, 2009 წლის 5 მაისს ამბოხისა და "ფე-სე-ბეს" აგენტობისთვის - 7, ხოლო 2010 წლის 13 მაისს რუსეთის არმიის 3 ყოფილი თანამშრომელი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჯაშუშების დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია შსს-მ ოფიციალურად დაადასტურა. დაკავებულია 13 პირი, რომლებსაც ჯაშუშობა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსთან - ე. წ. გრუსთან ფარული კავშირი ბრალდებათ.
კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია 15 პირი, რომელთაგან ორს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, აქედან 6 საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავია, ხოლო 4 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რამდენიმე თვის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის რამდენიმე აგენტი დააკავეს, რომელიც მოგვიანებით რუსულ მხარეს გადასცეს.
ქართველი ექსპერტების შეფასებით, რუსეთთან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირების ბოლო დროს გახშირებული დაკავებები ადასტურებს, რომ მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურებში "ყველაფერი რიგზე აღარაა".