მკაცრი ხაზის მიმდევარი, ულტრაკონსერვატორი ებრაჰიმ რაისი იქნება ირანის შემდეგი პრეზიდენტი მას შემდეგ, რაც ხმების ნაწილობრივი დათვლის შედეგებმა დაადასტურა მისი აშკარა უპირატესობა.
საპრეზიდენტი არჩევნები ირანში გუშინ გაიმართა.
ებრაჰიმ რაისიმ საპრეზიდენტო არჩევნებში 3 კონკურენტი დაამარცხა.
ამ დროისთვის, ებრაჰიმ რაისი ირანში მართლმსაჯულების სისტემას ხელმძღვანელობს. იგი შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ იმყოფება ადამიანის უფლებების შელახვის გამო. წარსულში მისი სახელი უკავშირდება პოლიტიკური პატიმრების სიკვდილით დასჯას.
კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ძალაუფლების იერარქიაში რანგით მეორე უმაღლესი თანამდებობის პირია. იგი არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და პასუხისმგებელია კონსტიტუციის შესრულების უზრუნველყოფაზე.
პრეზიდენტის მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკასაც, თუმცა საბოლოო სიტყვა ყველა დონის სახელმწიფოებრივ საკითხზე უზენაეს ლიდერს ეკუთვნის.
ირანი მკაცრი ხაზის მიმდევრები ეწინააღმდეგებიან ქვეყანაში უფრო მეტ სოციალურ თავისუფლებებს და ეჭვის თვალით უყურებენ დასავლეთს, თუმცა ემხრობიან ირანის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებას.
შეერთებული შტატები ირანის ბირთვული შეთანხმებიდან 2018 წელს გამოვიდა, რამაც ქვეყანა მკაცრი სანქციების ქვეშ მოაქცია.
ამჟამად, ვენაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელიც მიზნად ისახავას ბირთვული შეთანხმების განახლებას.
რა არის არჩევნების შედეგები ამ დროისთვის?
ებრაჰიმ რაისის არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცეს მისმა სამმა კონკურენტმა და მიმავალმა პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ.
რაისის საარჩევნო შტაბის უფროსის ჯამალ ორფის განცხადებით, 28,6 მლნ ხმის დათვლის შემდეგ ის ხმების 50 პროცენტზე მეტს აგროვებს.
მისივე თქმით, ეს წინასწარი მონაცემებია და ხმების დათვლა გრძელდება. ორფის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა 28,6-მა მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო, რაისმა კი ამ დროის მონაცემებით, 17,8 მლნ ხმა დააგროვა. მისმა კონკურენტებმა - მოჰსენ რეზაიმ - 3,3 მლნ-ზე, ჰემეთიმ - 2,4 მლნ-ზე მეტი, ღაზიზადე ჰაშემმა კი - 1 მლნ ხმა.
ირანის საპრეზდენტო არჩევნებზე 600-მდე კანდიდატი დარეგისტრირდა, მათ შორის, 40 ქალი.
საბოლოოდ, გასულ თვეში კონსტიტუციის მცველთა საბჭომ, მხოლოდ 7 კანდიდატს დართო ნება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა. 7-დან 3-მა მოგვიანებით თავად თქვა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე.
ვინ არის ებრაჰიმ რაისი?
60 წლის სასულიერო პირი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში პროკურორად მუშაობდა. 2019 წელს იგი დაინიშნა მართლმსაჯულების სისტემის მეთაურად, ორი წლის შემდეგ, რაც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში ჰასან როჰანისთან დამარცხდა.
ებრაჰიმ რაისი პირობას დებს, რომ უკომპრომისო ბრძოლას გამოუცხადებს კორუფციას და გადაჭრის ეკონომიკურ პრობლემებს. ებრაჰიმ რაისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას აგვისტოდან შეუდგება.