რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ გაზრდილ ტურისტულ ნაკადზე საუბრობს სასტუმრო Best Western-ის წარმომადგენელი ქეთი მიქაშავიძე. სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენელი ამბობს, რომ რაც უფრო მსუბუქდება რეგულაციები მით უფრო ვხედავთ ტურიზმის ზრდის ტენდენციას.
"შესაბამისად ყოველი შემდეგი ნაბიჯი რომელიც გადადგმულია იმ მიზნით რომ ტურისტს გავუადვილოთ ქვეყანაში შემოსვლა, რა თქმა უნდა ავტომატურად იწვევს ტურისტების რაოდენობის გაზრდას.
შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ მოთხოვნა იზრდება სასტუმროებზე, განსაკუთრებით კი რეგიონებში. შიდა ტურიზმიც ამოძრავდა, ასევე ყოველკვირეულად იზრდება უცხოელ ტურისტთა ჯავშნები. განსაკუთრებით სწრაფად გაიზარდა ტურისტთა რაოდენობა ყაზახეთიდან და ამას ხელი შეუწყო ახალმა ავიარეისებმა. დიდი მოთხოვნაა ჩვენს სასტუმროებზე იმ ქვეყნებიდან სადაც საქართველოს პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვს.“-განაცხადა ქეთი მიქაშავიძემ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას უცხო ქვეყნის 10 წლამდე ასაკის მოქალაქეებისათვის PCR ტესტის მოთხოვნისგან გათავისუფლების შესახებ სასტუმროების მენეჯერები დადებითად აფასებენ. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქებით უცხოეთიდან საქართველოში განსაკუთრებით საოჯახო ტურები გაიზრდება.