დღეიდან ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესში ცვლილებები ძალაში შედის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"მიმდინარე წლის 5 ნოემბერს ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ნოემბრის № 887 ბრძანებულება, რომლის საფუძველზე, ცვლილება განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის № 399 ბრძანებულებით დამტკიცებულ "ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესში". აღნიშნული ცვლილების თანახმად, საქართველოს ორდინალური ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე. აღნიშნული უფლებამოსილება მიენიჭა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს ორდინალური ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე: თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სამართალდარღვევათა და ანალიზის განყოფილება (თბილისი, გულუას ქუჩა №8), ქუთაისი, იმერეთის მთავარი სამმართველოს სამართალდარღვევათა და ანალიზის განყოფილება (ქუთაისი, ორახელაშვილის ქ. №8) და ბათუმი, აჭარის მთავარი სამმართველოს სამართალდარღვევათა და ანალიზის განყოფილება (ბათუმი, ტბელ აბუსელიძის ქ. №11).