გერმანიის საელჩო გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილე ქართველების სამუშაო პირობების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში მონაწილეობენ და რომელთა დამსაქმებელმაც დაარღვია პროგრამით გათვალისწინებული პირობები, უკვე ამ კვირაში ახალ დამსაქმებელთან გადაიყვანენ.
პირველი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მათი უფლებები და მოთხოვნები ძალაში რჩება.
"ეს პრობლემა სამწუხარო ცალკეულ შემთხვევას წარმოადგენს. გერმანიის სახელმწიფო უწყებებმა სწრაფად და ეფექტიანად გამოიკვლიეს აღნიშნული შემთხვევა და მიიღეს შესაბამისი ზომები. სეზონურად მომუშავე პირებისთვის დასაქმების კარგი პირობების შექმნა მთავარი წინაპირობაა საშუამავლო შეთანხმების წარმატებით განხორციელებისთვის", - განმარტავენ გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტოში.
გერმანიის საელჩო წუხილს გამოთქვამს ამ ცალკეულ შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევების გამო. შრომითი კანონმდებლობის დარღვევებს გერმანიაში სათანადო შედეგები მოჰყვება.