ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, რუსეთთან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირების ბოლო დროს გახშირებული დაკავებები ადასტურებს, რომ მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურებში "ყველაფერი რიგზე აღარაა".
"რუსი ჯაშუშების ბოლოდროინდელი დაკავებები, რომელსაც რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ჰქონდა ადგილი, მოწმობს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებში ყველაფერი რიგზე აღარ არის და აგენტები ადვილად "ვარდებიან". როგორც ჩანს, მათ სერიოზული პრობლემები აქვთ - სისტემა მოეშალათ. თავად რუსი პოლიტოლოგებისა და პოლიტსპეციალისტების სიტყვებია, რომ ამ კუთხით მდგომარეობა, როგორც "გრუ"-ში, ისე საგარეო დაზვერვაში "ძალიან აჭრილია", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მამუკა არეშიძემ საქართველოს შსს-ის მიერ რუსეთთან ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირების დაკავების საკითხზე კომენტირებისას.
რაც შეეხება აღნიშნულთან დაკავშირებით მოსკოვის მხრიდან მოსალოდნელ რეაქციას, ექსპერტის აზრით, "ადექვატური მოქცევის შემთხვევაში ჯაშუშების დაკავებას განსაკუთრებული რეაგირება არ უნდა მოჰყვეს, თუმცა მოსკოვის მხრიდან არც არაადექვატური ნაბიჯების გამორიცხვა შეიძლება".
"საქართველოში ნებისმიერი რამ, რომელშიც რაღაც კონტექსტში არის მოხსენიებული რუსეთი, მოსკოვის გაღიზიანებას იწვევს. ამიტომაც, მისი რეაქციის პროგნოზირება რთულია, მაგრამ ომი ნამდვილად არ დაიწყება თავიდან", - განმარტა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით 13 ჯაშუში დააკავა.