საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯაშუშების დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
როგორც შსს-ში დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე, უწყების კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ოთარ ორჯონიკიძემ განაცხადა, დაკავებულია 13 პირი, რომლებსაც ჯაშუშობა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსთან - ე.წ. გრუსთან ფარული კავშირი ბრალდებათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტმენტმა ჩაატარა მასშტაბური ოპერაცია, სახელწოდებით "ენვერი", რომლის შედეგადაც გამოავლინა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან (ე.წ. 'გრუ'-სთან) ფარულ კავშირში მყოფი ათეულობით ადამიანი.
აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გრუ-ში ჩანერგა საბჭოთა არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელმაც რუსული სამხედრო დაზვერვის თანამშრომლების ნდობა მოიპოვა და მათ სტრუქტურაში მეკავშირედ მუშაობა დაიწყო. ჯაშუშური საქმიანობის განსახორციელებლად მას გადასცეს სპეციალური აპარატურა და კომპიუტერული პროგრამა, რომლითაც საიდუმლო ინფორმაციის დაშიფრვა ხდებოდა. აღნიშნულმა პიროვნებამ ეს აპარატურა და კომპიუტერული პროგრამა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს გადასცა, რის შემდგომაც მათი მუშაობის სპეციფიკის შესწავლა გახდა შესაძლებელი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტმენტის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებული არის 15 პიროვნება, რომელთაგან ორს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.
დაკავებული არიან:
საქართველოს მოქალაქეები
1. ბაკურ შალვას ძე კიღურაძე, გლობალიზაციის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ბიზნესმენი.
* ბრალი ედება ს.ს.კ-ს 314 მუხლით (ჯაშუშობა)
გრუ-ს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას უცხო ქვეყნებთან საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის შესახებ.
2. ვიაჩესლავ იურის ძე პლუჟნიკოვი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავი.
* ბრალი ედება ს.ს.კ-ს 314 მუხლით (ჯაშუშობა)
გრუ-ს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ავიაციის ეკიპაჟებისა და საფრენი საშუალებების ფრენების განრიგების შესახებ.
3.გაბრიელ მერაბის ძე უსტალიშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავი.
* ბრალი ედება ს.ს.კ-ს 314 მუხლით (ჯაშუშობა)
გრუ-ს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნისა და სამობილიზაციო რესურსების შესახებ.
4.დავით ენვერის ძე მესხიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავი.
* ბრალი ედება ს.ს.კ-ს 314 მუხლით (ჯაშუშობა)
გრუ-ს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩატარებული სწავლებებისა და ინსპექციების შესახებ.
5. გელა იასონის ძე კაკაბაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავი.
* ბრალი ედება ს.ს.კ-ს 314 მუხლით (ჯაშუშობა)
გრუ-ს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რიცხოვნობის, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ტრანსპორტის ოდენობის შესახებ.
6. გოჩა ზურაბის ძე დიასამიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავი.
* ბრალი ედება ს.ს.კ-ს 314 მუხლით (ჯაშუშობა)
გრუ-ს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო-ოპერატიული მომზადების დონის შესახებ.
7. ტარიელ ისმაილის ძე აბაშიძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავი.
* ბრალი ედება ს.ს.კ-ს 314 მუხლით (ჯაშუშობა)
გრუ-ს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას განსაკუთრებით დაცული სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების სამუშაო რეჟიმის, სტრუქტურისა და თანამშრომლების შესახებ.
8.რუსლან მიხეილის ძე გალოგრე, ბიზნესმენი.
* ბრალი ედება ს.ს.კ-ს 311 მუხლით (უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა)
გრუ-ს დავალებების შესაბამისად, კონკრეტულ პირებზე ახორციელებდა მეთვალყურეობას.
9.ედუარდ გიორგის ძე აბდულაევი, მეზღვაური, რადიოსპეციალისტი.
* ბრალი ედება ს.ს.კ-ს 314 მუხლით (ჯაშუშობა)
გრუ-ს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას სამხედრო კავშირგაბმულობისა და რადიოსახმისების შესახებ.
რუსეთის მოქალაქეები:
10.არმენ ვაგანის ძე გევორქიანი, კომპანია 'სეიბოლტის~ საქართველოს ფილიალის გენერალური დირექტორი.
* ბრალი ედება ს.ს.კ-ს 314 მუხლით (ჯაშუშობა)
გრუ-ს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ.
11.რუბენ ლეონის ძე შიკოიანი, კომპანია 'სეიბოლტის~ საქართველოს ფილიალის დირექტორის მოადგილე.
* ბრალი ედება ს.ს.კ-ს 314 მუხლით (ჯაშუშობა)
გრუ-ს გადასცემდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვადასხვა კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებებს საიდუმლო შესყიდვების შესახებ.
12. პეტრე ნურის ძე დევრიშაძე, ბიზნესმენი
* ბრალი ედება ს.ს.კ-ს 311 მუხლით (უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა)
გრუ-ს დავალებების შესაბამისად, კონკრეტულ პირებზე ახორციელებდა მეთვალყურეობას.
13. იური დიმიტრის ძე სკრილრპნიკოვი, "გრუ"-ს მეკავშირე.
* ბრალი ედება ს.ს.კ-ს 311 მუხლით (უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა)
ორგანიზებას უკეთებდა საქართველოს ტერიტორიაზე გრუ-სთან ფარულ კავშირში მყოფ პირებთან შეხვედრებსა და საიდუმლო ინფორმაციის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანას.
დაკავებულთაგან ორი პეტრე დევრიშაძე და გაბრიელ უსტალიშვილი აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
ორჯონიკიძის განცხადებით, საქართველოს შსს-მ ჯაშუშების აყვანის ოპერაციაზე მუშაობა 4 წლის წინ დაიწყო.
"საქართველოს შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჩაატარა მასშტაბური ოპერაცია, რომელის შედეგადაც გამოვლინდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოსთან ე.წ. გრუსთან ფარულ კავშირში მყოფი პირები.
აღნიშნული ოპერაცია მნიშვნელოვანწილად განაპირობა 2006 წელს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად პირი რომელიც გამოცხადდებოდა და ნებაყოფლობით აღიარებდა მის კავშირს უცხოეთის სპეცსამსახურთან გათავისუფლდებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან. ამის შემდგომ შს სამინისტროს მიმართა არაერთმა ადამიანმა რომელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დაიგეგმა ეს ოპერაცია. ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ 2010 წლის ოქტომბერს წარმატებით დასრულდა ამ ოპერაციის პირველი ეტაპი. გატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი იქნა ათეულობით პირი რომლებიც თანამშრომლობდნენ ან სხვა და სხვა სახით დაკავშირებულნი იყვნენ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან, მათგან 13 პირი იქნა დაკავებული შემდეგი მუხლებით "ჯაშუშობა" და "უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა". აქედან ოთხი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე", - განაცხადა ორჯონიკიძემ.