პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების სპეციალური საბჭოები საბოლოო გადაწყვეტილებას 23 მსჯავრდებულთან დაკავშირებით დღეს მიიღებენ. პატიმართა შორის ორი არასრულწლოვანი და რამდენიმე ქალია.
დასავლეთის აღმოსავლეთისა და არასრულწლოვანთა საქმეების საბჭოებმა განიხილეს ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის ბრალდებით გასამართლებულთა საქმეებიც. შერჩევის დროს პატიმრის დანაშაულის სიმძიმესთან ერთად გაითვალისწინეს ის გარემოებაც, თუ როგორ იქცეოდნენ ისინი ციხეში. საბჭოს გადაწყვეტილებას დამატებით სასამართლოს განაჩენი აღარ სჭირდება. საქმის განხილვის პროცესს უშუალოდ მსჯავრდებულები და მათი ადვოკატებიც ესწრებოდნენ.
"ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოებმა იმსჯელეს 23 მსჯავრდებულთან მიმართებაში და განიხილეს მათი საკითხები. განხილულ იქნა ორი არასრულწლოვანისა და ორი ქალის და ასევე სხვა და სხვა კატეგორიაში მსჯავრდებული პირების საქმეები. შეფასების კრიტერიუმი იყო როგორც დანაშაულის ხასიათი ასევე სასჯელის მოხდის პერიოდში მათი ქცევა და ზოგადად ის თუ რამდენად არიან ეს პირები მზად, რომ დაუბრუნდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას. საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს და ეს პირები დღესვე დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას", _ აცხადებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ტატო ქელბაქიანი.