დღეს, 5 ნოემბერს, 13:00 საათზე საქართველოს შს სამინისტროს მიერ მოწყობილ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი დეტალები რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეების საქმის შესახებ.
"საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად ამ საქმის დეტალებს 5 ნოემბერს მოწყობილ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გაახმაურებს", _ ეს განცხადება საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა გააკეთა.
სააგენტო "როიტერის" მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პოლიციამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული საქართველოს 20 მოქალაქე დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას "როიტერი" საქართველოს უშიშროების სამსახურში არსებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სავარაუდოდ, საქართველოს 20 მოქალაქე ჯაშუშურ ქსელს ქმნიდა და საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის ფედერაციას აწვდიდა.