2021 წლის მაისში განვითარებადი ბაზრების მიმართულებით განხორცილებულმა პორტფელურმა ინვესტიციებმა $13.8 მლრდ შეადგინა. მათ შორის $4.0 მლრდ-ს ინვესტიცია განხორციელდა აქციებში, ხოლო დანარჩენი ობლიგაციებში.
"გალტ ენდ თაგარტის" კვლევის თანახმად, თურქეთის ეკონომიკა 2021 წლის პირველ კვარტალში 7.0%-ით გაიზარდა, რაც მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, გაზრდილი მოხმარება ზრდის ძირითადი წყარო იყო. თურქეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2021 წელს ეკონომიკის ზრდა 5%- ს გადააჭარბებს, რასაც ხელს მზარდი ექსპორტი შეუწობს.
2021 წლის პირველ 4 თვეში სომხეთის ეკონომიკა წლიურად 2.6%-ით გაიზარდა (აპრილში ზრდამ 23.2% შეადგინა). ზრდა ძირითადად მრეწველობის, მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში დაფიქსირდა. ეკონომიკის გახსნამ და ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდამ ხელი შეუწყო საქართველოში ეკონომიკის გაჯანსაღებას. წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით აპრილში საქართველოს ეკონომიკა უპრეცედენტოდ მაღალი - 44.8%-ით - გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ზრდის გარკვეული ნაწილი შარშანდელი დაბალი საბაზისო მაჩვენებლით აიხსნება (2020 წლის აპრილში ეკონომიკა წლიურად 16.6%-ით შემცირდა), თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით ზრდამ 20.8% შეადგინა. ამასთან, 2021 წლის 4 თვეში საქართველოს ეკონომიკა 8.1%-ით გაიზარდა. ჩვენი შეფასებით 2021 წელს ეკონომიკა 7.0%-ით გაიზრდება.
2021 წლის 14 მაისს სარეიტინგო სააგენტო Fitch–მა აზერბაიჯანის რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გაზარდა, ხოლო რეიტინგი უცვლელად ‘BB+’ დონეზე შეინარჩუნა. 2021 წლის მაისში რუსეთმა საერთაშორისო ბაზრებზე ახალი ევროში დენომინირებული ობლიგაციეები განათავსა. ჯამში €1.5მლრდ-ის მოზიდვა მოახერხა, რომლის შემოსავლიანობამ 2.65% შეადგინა, ობლიგაციების თითქმის 50%-ის მფლობელები რუსი ინვესტორები არიან.
საქართველოს რკინიგზამ არსებული $500 მლნ, 7.75%-იანი ევროობლიგაციის გამოსყიდვის შესახებ განაცხადა, რომლის ვადაც 2022 წელს იწურება. რეფინანსირების განხორციელება 2021 წლის ივნისშია დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ რკინიგზის ახალი ობლიგაციები ‘მწვანე’ სტატუსის მქონეა, რის გამოც მოსალოდნელია ინვესტორების მხრიდან დამატებითი დაინტერესება.