ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა, იოანე მეათემ სირიის დედაქალაქში, დამასკოში რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას უმასპინძლა. ანტიოქიის (იგივე სირიის) საპატრიარქომ ბჟანიას ვიზიტს სოციალური მედიით არა ერთი საგანგებო პოსტი მიუძღვნა და ის
"დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტად" მოიხსენია. იოანე მეათემ ბჟანიას ისიც უთხრა, რომ აფხაზეთს რელიგიურ საკითხებში ანტიოქიის სრული მხარდაჭერის იმედი შეუძლია ჰქონდეს. იგულისხმება თუ არა მხარდაჭერაში აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, ჯერ უცნობია, თუმცა რუსეთს ეს ოკუპირებულ რეგიონში ყველა სხვა სფეროსთან ერთად, ეკლესიის გავლით რელიგიური ცხოვრების უკეთ გაკონტროლებაში ნამდვილად დაეხმარება.
მნიშვნელოვანია, რომ ანტიოქიის პატრიარქი რუსეთის პრეზიდენტის გულმხურვალე მხარდამჭერია. მან პუტინს სირიის სამოქალაქო ომში ჩართვისთვის მადლობა არა ერთხელ გადაუხადა. ცნობისთვის, ამ ომმა, რომელშიც რუსეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს, 380 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. პუტინი "ომის დამნაშავე" ასადს უჭერს მხარს, რომელმაც რუსებთან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღიც კი გამოიყენა. ალბათ გახსოვთ, რომ ანტიოქიის საპატრიარქომ იოანე მეათე ანტიოქიისა და ივერიის პატრიარქად მოიხსენია, რაც საქართველოს პატრიარქის სტატუსის დაკნინებას ემსახურებოდა.
კანონიკურად, სრულიად მართლმადიდებელი სამყარო აფხაზეთის ეკლესიას საქართველოს ეკლესიის ნაწილად ცნობს. თუმცა, ანტიოქიის საპატრიარქო მსოფლიო საპატრიარქოს წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებებით და რუსეთის ეკლესიასთან კავშირებით ცნობილია. გავიხსენოთ ეკლესიიდან განკვეთილი რუსი მღვდლების განცხადებები იმის შესახებ, თუ როგორ უხდიდა რუსეთის საპატრიარქო ანტიოქიას მილიონობით დოლარს, რომ მას კრეტის კრებაზე უკრაინის ავტოკეფალია არ ეღიარებინა.
თეოლოგების განცხადებით, კონსტანტინოპოლის გარეშე ანტიოქიის საპატრიარქომ აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია რომც აღიაროს, ეს მაინც არალეგიტიმურად ჩაითვლება. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ასპექტია. რუსეთის ეკლესია კრემლის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, ამიტომ შესაძლებელია რუსეთის საპატრიარქოს გავლით ანტიოქიის საპატრიარქოში პუტინის დავალებები მიდიოდეს. აფხაზეთის ეკლესიასთან დაკავშირებით იოანე მეათეს განცხადებები, მოსკოვის ახალ გეგმაზე მიუთითებს.
ქართველი თეოლოგები თვლიან, რომ ანტიოქიის აღიარება რუსეთს ოკუპირებულ აფხაზეთში უფრო თამამად მოქმედების საშუალებას მისცემს. თანაც, საოკუპაციო ძალები რეგიონში ქართული კვალის წაშლას ყველა მიმართულებით ცდილობენ, მათ შორის ქართული ეკლესიების განადგურების გზით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ისტორიის შეცვლას ემსახურება. საინტერესოა, რომ რუსეთი ეკლესიის საშუალებით მართლმადიდებლურ სამყაროშიც ისევე ცდილობს დამკვიდრებული ნორმებისა და წესრიგის დარღვევას, როგორც საერთაშორისო პოლიტიკაში.
აფხაზეთის ეკლესია საქართველოს ეკუთვნის და მისი სახელია ცხუმ-აფხაზეთის ან სოხუმი-აფხაზეთის ეპარქია. 1992-1993 წლებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ეთნიკური ქართველები რეგიონიდან გამოაგდეს. ამიტომაც, ვერც სასულიერო პირებმა მოახერხეს დარჩენა და ეპარქიის გაკონტროლება. სიმბოლურია, რომ სოხუმის ეპარქია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის მშობლიური ეპარქიაა, სწორედ აქ მოღვაწეობდა უწმინდესი და უნეტარესი, სანამ პატრიარქი გახდებოდა.
ოფიციალურად, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიად აღიარებს, თუმცა რუსეთის ეკლესია მაიკოპისა და ადიღეს ეპარქიის სახით აფხაზეთში მიმდინარე რელიგიურ პროცესებში აქტიურად არის ჩართული. მაიკოპისა და ადიღეს არქიეპისკოპოსი ტიხონი პერიოდულად აფხაზეთში გამართულ მნიშვნელოვან საერო ღონისძიებებშიც მონაწილეობს.
ამჟამად, საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში სასულიერო პირებს მოსკოვის საპატრიარქოს მეზობელ ეპარქიებში აკურთხებენ. აფხაზეთის ეკლესიებში, ლოცვისას რუსეთის პატრიარქ კირილეს მოიხსენიებენ. ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ეკლესია რამდენიმე არაკანონიკურ საეკლესიო ჯგუფთან ერთად მოქმედებს, ესენია "ალანიის ეპარქია" ცხინვალში, "წმიდა მიტროპოლია" და "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია" აფხაზეთში. ოფიციალური არაღიარების მიუხედავად, არაოფიციალურ დონეზე რუსეთის საპატრიარქო ოკუპირებული რეგიონების ეკლესიებს სრულად აკონტროლებს.
საიდუმლო არავისთვის არის, რომ კრემლის სპეცსამსახურები რუსულ ეკლესიას თავიანთი მიზნებისთვის აქტიურად იყენებენ. რუსეთი სახელმწიფო საზღვრებს გარეთ დესტრუქციულ ქმედებებს რუსეთის მოქალაქეების დაცვის, ხოლო რუსული ეკლესია მართლმადიდებლების დაცვის მიზეზით ამართლებს. რუსეთის საპატრიარქო ოკუპირებულ რეგიონებში შიდა საეკლესიო დაპირისპირებებში ხშირად ერევა, არადა, ეს საქართველოს ეკლესიის საქმეა. ეკლესიების კონტროლთან ერთად, მოსკოვის საპატრიარქო ხშირად მართავს ე.წ. ოფიციალურ შეხვედრებს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საქართველოს საპატრიარქოს კანონიკურ ტერიტორიაზე აფხაზეთისა და ცხინვალის საეკლესიო ცხოვრებაში ასეთი აქტიური ჩარევაც ცინიკური მიზეზით იხსნება - მართლმადიდებელი მოსახლეობის დაცვა. თავად რუსული სამღვდელოება აღიარებს, რომ მათი ქმედებები ხშირად არაკანონიკურია, მაგრამ აცხადებს, რომ იმ ვაკუუმის შევსებას ცდილობს, რომელიც საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლების ადგილზე არყოფნით წარმოიქმნა. რა ირონიული, არა? ქართველ სასულიერო პირებს ხომ თავად რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრძალავენ უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში შესვლას.
ასლან ბჟანიას ჩასვლა დამასკოში და ანტიოქიის პატრიარქის გულთბილი დახვედრა დიდი სურათის ნაწილია, სადაც კრემლი ადამიანებისთვის ყველაზე წმინდას - რელიგიასაც კი, თავისი უსამართლო პოლიტიკის გასატარებლად იყენებს. პუტინით აღფრთოვანებული იოანე მეათე რუსეთის საპატრიარქოს სათქმელს ამბობს, რომელიც თავის მხრივ კრემლს ემორჩილება. ასეთია სინამდვილეში ჩვენი "ერთმორწმუნე მეზობელი", რომელიც ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემას, რწმენასაც კი პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებს. სანამ ბჟანია სირიაში მარიამიტის საკათედრო ტაძარში "ორი ქვეყნის მშვიდობისა და წარმატებისთვის" სანთელს ანთებს, მშვიდობის მთავარი მტერი რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახალ გეგმებს სახავს.
გურამ ვადაჭკორია