დღეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, 2020 წლის ანგარიშს წარადგენს. წლიური ანგარიში მომზადებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად და მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.
2020 წელსაც ეროვნული ბანკის დროულმა ქმედებებმა და გატარებულმა პოლიტიკამ, არსებული უპრეცედენტო შოკის ფონზე, ეკონომიკაზე პანდემიის უარყოფითი გავლენის შერბილებაში არსებითი როლი ითამაშა. პანდემიის პირობებში ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ადეკვატური, დროის შესაბამისი პოლიტიკის გატარება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დონორებთან მოლაპარაკებების პროცესში, რომლის შედეგადაც ქვეყანამ უმოკლეს ვადებში მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარების მობილიზება შეძლო.